Je m'appelle Eka..

July 5th, 2011

ვისი ვისაში? (და როგორ გადაიღო ბიონსემ კლიპი)

სულ გადაგვარდა ეს მსოფლიო რა, დღეს ვირტუალური ‘შოკი’ მივიღე, თანაც – ზედიზედ ორი.

არ დაიჯერებთ და Yahoo! იქამდე დაეცა, რომ მეილზე შესვლას Facebook-ისა და Google-ს(!!!) საშუალებით მთავაზობს :

Log in vis Facebook or Google

HP კი არც მეტი, არც ნაკლები, თურმე Apple-ის MacBook Pro-ს საკუთარ ვერსიას უშვებს, ‘ორიგინალური’ სახელწოდებით – პრობუქი (ადიბასის პონტშია რა :D)

Apple MacBook Pro by HP

ცოტა ხნით ადრე იმაშიც დავრწმუნდი, რომ ჩემი პატარა ლეპტოპი თურმე ყველაზე პაპსა ლეპტოპია მსოფლიოში, ბოლო 1 წლის მანძილზე გადაღებულ ყველა პოპულარულ კლიპსა თუ სარეკლამო რგოლში ერთი ცალი მაინც უჭირავს ვიღაცას. ნუ მერე რა, რომ ეს ვიღაც ხან Beyoncé-ა და ხანაც რომელიმე მსხვილი კორპორციის CEO :D

ამ გახსენებაზე, გირჩევთ, ბარემ ბიონსეს ბოლო წლის მუშაობის ამსახველი ვიდეოც ნახოთ და გაიგოთ, სინამდვილეში როგორ გადაიღეს ბოლო კლიპის – Run the world საქართველოს კადრები ;)

June 21st, 2011

აურზაური ტორტის გამო – ფეისბუქიდან სასამართლომდე(?)

ფ ე ი ს ბ უ ქ ი – მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტი, ხოლო საქართველოში – ნახევარ მილიონამდე ადამიანის ალტერნატიული რეალობაა. შედეგად, იქ მიმდინარე პროცესები ხანდახან არანაკლებ მწვავეა, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.

ლოგიკურია, ალტერ-რეალობაში დაწყებული კონფლიქტი ხშირად რეალობაში გადმოდის და რეალურ, სამართლებრივ შედეგებსაც იწვევს.

პირველად ფეისბუქის იურიდიულ დატვირთვაზე რამდენიმე წლის წინ დავფიქრდი, როცა წავიკითხე, რომ ავსტრალიელმა მოსამართლემ რეალურ მისამართზე მუდმივად მიუწვდომელ მოპასუხეს შეტყობინება ფეისბუქში გაუგზავნა და დროის ათვლაც აქედან დაიწყო (ანუ ფბ-შეტყობინებას ფოსტით ოფიციალური შეტყობინების ძალა მიანიჭა).

საქართველოში, ჯერჯერობით არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია ფეისბუქის მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის, ან ფბ-ზე რაიმე უფლების დარღვევის შესაბამის ინსტანციაში გაპროტესტების შესახებ. სულ რამდენიმე, გახმაურებული პრეცედენტი იყო: 1). როცა ფბ საჯარო გვერდზე დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო 2 ჟურნალისტი დაითხოვეს პირველი არხიდან და 2). როდესაც ამერიკელი მასწავლებელი, თომას ფლეტჩერი ფაქტიურად გააძევეს სკოლიდან და ქვეყნიდან, ფეისბუქზე საჯაროდ დადებული ინტიმურ-ეროტიული ფოტოების გამო (მეგობრებში საკუთარი მოსწავლეებიც ჰყავდა). სავარაუდოდ, არის, ალბათ, ცალკეული გაუხმაურებელი შემთხვევები ფეისბუქ-სტატუსის გამო სამსახურიდან გაშვების, საყვედურების, ცოლ-ქმრული კონფლიქტების და სხვა. თუმცა, სასამართლომდე საქმე არ მისულა.

რამდენიმე დღის წინ კი ორ – დიდ და პატარა კომპანიას შორის ფეისბუქზე სერიოზული კონფლიქტი გაჩაღდა, არც მეტი, არც ნაკლები – ტ ო რ ტ ი ს გამო. ამბავი დაახლოებით ასე გამოიყურება: საკონდიტრო დ ი ფ ე ნ ბ ა ხ მ ა სამშენებლო კომპანია რ ე დ ი ქ ს ი ს დაჟინებული თხოვნის შედეგად 500 ლარიანი (150 კაცზე) ტორტის დამზადება წარმოუდგენლად მოკლე დროში გარისკა – 2 დღეში, თუმცა რედიქსი გააფრთხილა, რომ ამ დროში ისეთი უნიკალური, გამაოგნებელი და ‘სამარიაჟო’ ტორტის გაკეთება შეუძლებელი იყო, რითაც დიფენბახია ცნობილი. დიფენბახის პირობაზე ტორტი მართლაც მინიმალისტურად გამოიყურება – საკონფერენციო მაგიდის გარშემო რედიქსის დამფუძნებელთა ფიგურებით. რედიქსი უკმაყოფილო დარჩა – არც დიზაინი მოეწონათ და არც გემო (თუმცა დიფენბახი ამბობს, წინასწარ სხვა ტორტის გასინჯვაზე მოუცლელობის გამო უარი თქვესო). ამის შემდეგ დიფენბახმა საკუთარ ფბ-გვერდზე საჯარო განცხადება გააკეთა კორპორატიული კლიენტების საყურადღებოდ: რედიქსის ინციდენტი რომ არ განმეორდეს, 2 დღეში შეკვეთას აღარ ავიღებთ, ამიერიდან სულ ცოტა 7 დღით ადრე უნდა შეგვიკვეთოთო.

საკითხის გასაჯაროება, ბუნებრივია, რედიქსს არ მოეწონა და დიფენბახს სტატუსის წაშლა მოსთხოვეს (არცთუ თავაზიანი ფორმითო, ამტკიცებს დიფენბახი). კონფლიქტი გამწვავდა და პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც რედიქსის თანამშრომლებმა საკონდიტროს გ ე რ მ ა ნ უ ლ წარმომავლობას ირონიით გაუსვეს ხაზი და ჰიტლერი, ნაცისტები, საკონცენტრაციო ბანაკები და ფაშისტთა ცნობილი სლოგანები შეახსენეს საკონდიტროს გერმანელ დამფუძნებელს – შტეფანი დიფენბახს.
ვინც გერმანელებს იცნობს, კარგად იცის, რა მტკივნეულია მათთვის ნახევარი საუკუნის წინანდელ წარსულზე უბრალო მინიშნებაც კი, მსგავსი კომპლექსი არ ვიცი კიდევ თუ აქვთ სხვა რომელიმე ერის წარმომადგენლებს და ასე თუ განიცდიან. შტეფანი დიფენბახმა კი ამ განცხადებების გამო რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო: დიფენბახი სავარაუდოდ დ ა ი ხ უ რ ე ბ ა.

უკვე გრძელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს ამბავი ძალიან მოკლედ მოგიყევით. ვრცლად ყველაფერი შეგიძლიათ თავად იხილოთ.

მაგრამ, თუ ამ ყველაფრის შემდეგ იფიქრეთ, რომ სავარაუდოდ საქმის სასამართლოში განხილვა დიფენბახსა და რედიქსს შორის – ერთ არშემდგარ ტორტზე გაიმართება, ცდებით.

კონფლიქტში მოულოდნელად კიდევ ერთმა კომპანიამ ‘გამოყო ფეხი’ და შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა:

PR სკოლის ანტი-პიარი

სტატუსი ერთდროულად ტვიტერსა და ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და ჯამში, სულ ცოტა, პიარსკოლის 12 000-მდე მიმდევარისთვის იყო ხელმისაწვდომი.

შეამჩნევდით, რომ ფეისბუქზე გამართული მწვავე კონფლიქტის მიუხედავად რედიქსის თანამშრომლებს ტორტის მავნებლობაზე არაფერი უთქვამთ, არც ოდესმე ვინმეს სხვას, ვისაც მათი ტორტი/ნამცხვარი შეუძენია. ულამაზო და თუნდაც უგემური არ ნიშნავს, რომ პროდუქტი მავნეა და წ ა მ ლ ა ვ ს . ასეთი ბრალდება კი უკვე შ ე ფ ა ს ე ბ ი ს ფარგლებს სცდება და კომპანიის ს ა ქ მ ი ა ნ ი   რ ე პ უ ტ ა ც ი ი ს მიზანმიმართული შელახვაა.

შეგახსენებთ, რომ პიარსკოლა თეორიულად პიარზე და მარკეტინგზე მუშაობს, თუმცა ის ცნობილი წარმატებულ მარკეტინგულ მიღწევებზე მეტად, გასართობი ბლოგითა და რამდენიმე მსგავსი სკანდალური ‘შეცდომის’ წყალობით უფროა. მათ შორისაა საავტომობილო ბლოგის დისკრიმინაციული სათაური: “ფრთხილად, საჭესთან ქალია!” და პოპულში აღმოჩენილი ვირთხის სკანდალის გაგრძელება-პოსტი შინაარსით “სხვაგან უარესები ხდება” (ამჟამატ პოსტის სათაურიც და შინაარსიც კორექტირებულია), ეს ვირთხებზე უარესები კი თურმე, სულ რაღაც უცნაურად ჩაცმული ადამიანები არიან.

მოგვიანებით, კრიტიკის შემდეგ პიარსკოლის საჯარო გვერდიდან ცილისმწამებლური სტატუსი გაქრა და ხელმძღვანელმა ‘მოწამვლის’ გადატანითი მნიშვნელობით გამოყენებაზე წარმოადგინა თეორიები, თუმცა დიფენბახი ამბობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. რამდენად დაიჯერებს სასამართლო, რომ “ტორტი არ ჭამოთ, მოგწამლავენ” ალეგორიულად დამფუძნებლის ცუდ ხასიათზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე პროდუქტის მავნებლობაზე, ამას დრო გვიჩვენებს.

მე კი, როგორც იურისტი და სოციალური მედიით დაინტერესებული ადამიანი, დიდი ინტერესით დაველოდები პირველი ქართული ქეისის განხილვას – ფ ე ი ს ბ უ ქი დ ა ნ უკვე ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო შ ი .

February 28th, 2011

“ყველაზემანია” ფეისბუქზე

“- მარო, 100 000 რომ მოგცენ, ერთ ღამით დაუწვებიი მიტოსა?
– უიმეეე, რას ამბობ კაცო!
– აი მილიონი რომ მოგცენ?
– უიმეეე, მილიონად ისე კი ვიზამდი მაგ საქმესა…

- აჰა შვილო, თეორიულად 1 მილიონი გვაქვს, პრაქტიკულად კი ბ..ი გვყაავს სახლში.”
ძველი ანეკდოტი

არ დამეზარა და დავთვალე.
ამჟამად Facebook-ზე რეგისტრირებულია 603 Yvelaze ლამაზი, გამორჩეული, ობიექტური, დზერსკი, საყვარელი, ორიგინალური, სიმპატიური, მაგარი, შეუდარებელი, პირდაპირი, თქვენ წარმოიდგინეთ მახინჯიც და ა.შ.

Yvelaze Lamazebi და სხვა

ოდნავ ნაკლები Kvelaze წყვილი, კრასავიცა, ეფექტური, მშვენიერი, პოპულარული

Kvelaze Popularulebi და ა.შ.

და სულ რაღაც 37 ყველაზე უშიშარი, მოდური, მახინჯი, უშნო, სექსუალური ქართველი

ყველაზე გარეუბნელებეეეეჰ და სხვები

ფორმულა მარტივია: 603 + 221 + 37 = 861

აქედან დასკვნა:
თეორიულად და ვირტუალურად ფეისბუქზე რეგისტრირებულია 400 000-მდე ქართველი,
პრაქტიკულად კი – მინიმუმ 861 განდიდების მანიით შეპყრობილი ავადმყოფი.

December 19th, 2010

ძროხები და ღორები ქალაქის საკრებულოში

ფერმა რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია ფეისბუქზე, ეს უკვე ძველი ამბავია.

სასაცილოა, მაგრამ ძროხებს, ღორებს და კვახ-კომბოსტოს ერთნაირი მონდომებით უვლიან ყველაზე “სვეცკებიც” და ყველაზე “სოფლელებიც”. ასეთი შემართებით ნამდვილ სოფლის მეურნეობას რომ შევსეოდით, თურქეთის სათბურებში ქოქოსის ფხვნილში მოყვანილ ღმერთმაუწყისრამოდიფიცირებულ პომიდორს და სომხეთის ხრაშუნა, დუტ სტაფილოებს არ მივაკვდებოდით.

თუმცა, ქართული სოფლის მეურნეობა ცალკე თემაა, თან მტკივნეული. ახლა ცოტა სახალისო (ვისთვის კი სატირალ) ამბავს დავუბრუნდეთ:

რამდენიმე თვის წინ, ბულგარეთის ერთ-ერთი ქალაქის საბჭოს წევრი, დიმიტარ კერინი სკანდალში გაეხვა. იგი საბჭოს წევრობიდან სხდომების დროს ფერმის (a.k.a. Farmville) თამაშის გამო გაათავისუფლეს. საბჭოს თავმჯდომარემ იგი რამდენჯერმე გააფრთხილა, შეეწყვიტა ფერმის თამაში, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, მოთმინებიდან გამოსულმა კიდევ ერთმა კოლეგამ, ფორმალურად დააყენა წინადადება მისი საბჭოდან წევრის მოვალეობებიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან, მისი აზრით, კერინს “მეტი დრო სჭირდებოდა თავისი ვირტუალური ფერმის მისახედად”.

საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, დიმიტარ კერინს წევრობა შეუწყვიტეს და ბოლო სიტყვის უფლებაც დაუტოვეს. თავდასაცავად, აწ უკვე ყოფილმა საბჭოს წევრმა ასეთი არგუმენტი მოიშველია: “მარტო მე კი არ ვთამაშობდი ფერმას, აგერ ბატონო, ჩემი კოლეგა დეპუტატი უკვე 46-ე ეტაპზე გასული, მაშინ, როცა მე სულ რაღაც 40 ეტაპი ძლივს, გაჭირვებით გადავლახეო!” :D

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins