Je m'appelle Eka..

January 9th, 2011

წლის ყველაზე …

“პირველად იყო სიტყვა და შემდეგ იყო ბლოგი”

ქართულ ნეტში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ბლოგი უცნაური სიტყვაა და სექტას ნიშნავს, ბლოგერები კი – სექტანტები არიან, ერთი ეგაა, ღმერთი ყველას თავისი ჰყავს – საკუთარი თავი.

2010 Best Blogs

სინამდვილეში ბლოგი ჩვეულებრივი სიტყვაა და მარტივად, იაფად და ლამაზად, ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილ და მართულ ვებ-გვერდს ნიშნავს, რომელზეც დაწერ რასაც გინდა, როცა გინდა და რისთვისაც გინდა.

აქ, არავის საქმეა, პირად დღიურებს გადმოფენ, საკუთარ კომპანიას დაარეკლამებ თუ მთავრობას გააკრიტიკებ. ეს ის ადგილია, სადაც, წესით და რიგით, შენი თავი შენადვე უნდა გეყუდვნოდეს :)

ამ პრინციპების დაცვის მიხედვით ვაფასებ მე პირადად ნებისმიერ მათგანს და ამავე პრინციპით ვეცდები გამოვყო 2010 წლის საუკეთესო ქართული ბლოგები რამდენიმე კატეგორიის მიხედვით: Read the rest of this entry »

December 4th, 2010

15 ავტორი, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა

Facebook-ზე iMeme-ს მსგავსი ტეგ-თამაში წამოიწყეს და ჩემამდეც მოაღწია.
წესი ასეთია: რამდენიმე წუთი უნდა დაფიქრდე და პირველი 15 ავტორი (მწერალი, პოეტი) ჩამოწერო, რომელმაც შენზე შთაბეჭდილება მოახდინა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ავტორი მსოფლიოში აღიარებულია, მოდური თუ შენი სოფლის მელექსე. მთავარია, რომ ოდესღაც გავლენა მოახდინა და დღემდე გახსოვს :)

ჩემს შემთხვევაში, გონებაში პირველად ამოტივტივებული 15 ავტორი ასე გამოიყურება:

  • ასტრიდ ლინდგრენი
  • მარკ ტვენი (ჰედლიბერგის ამბავი – ჩემიფავორიტი)
  • ერიჰ მარია რემარკი
  • ალბერტო მორავია
  • თომას მანი
  • უილიამ შექსპირი
  • მიხეილ ბულგაკოვი
  • რაბინდრანათ თაგორი
  • რიონოსუკე აკუტაგავა
  • ჭაბუა ამირეჯიბი (ან, at least “დათა თუთაშხია”-ს ავტორი)
  • ნოდარ დუმბაძე
  • ვაჟა-ფშაველა
  • შოთა რუსთაველი
  • გიორგი მერჩულე
  • და ძმები გრიმები, 1001 ღამისა და ქართული ზღაპრების ავტორები ♥

iMeme-ს წესების თანახმად, ასეთი პოსტის ბოლოს სხვა ბლოგერი/მეგობარი უნდა დათაგო და იმანაც დაწეროს :) მართალია, ფბ-ზე ეს უკვა გავაკეთეთ, მაგრამ მაინც, აქაც დავთაგავ და თან, გამიზნულად, ლიტერატურის ჩემზე მეტად მოყვარულ / მცოდნე ბლოგერებს (ახსენებენ დრიუონს ან ვინმე ისეთს, მე რომ ჯერ არ გამიგია და იქნებ გამომადგეს ცხოვრებაში :D):
ლინგვისტუსს
ლაშარელას
თამუნა-ლიტერატორს
დოდკას
კაატინგას (რომელსაც, სამწუხაროდ, თავისი ბლოგის პაროლი არ ახსოვს :D)
და სანდრეს, ანუ ცისიას :)

+ ვასასიკო, შენც დაგთაგე, ამწამს :*

July 7th, 2010

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

რა თქმა უნდა, ჩემი საკუთარი ინიციატივით, უფრო მეტი შანსი იყო დამეწერა პოსტი სრულიად საპირისპირო სახელწოდებით – “რასაც ყველაზე ძალიან ვერ ვიტან” და ჩამოვწერდი, როგორ ვერ ვიტან

  • პირის წკლაპუნით ჭამას და კევის ხმაურიან ღეჭვას
  • წყნარ ადგილას ან ოფისში მობილურზე გაუთავებელ ხმამაღალ საუბარს და სიცილს
  • ტელეფონზე, მეილზე ან სკაიპში პასუხის არ გაცემას და საერთოდ უყურადღებობას
  • დებილურ კითხვებს და დებილური კითხვების განმეორებით დასმას მარტო იმიტომ, რომ პირველ ახსნილს არ მოუსმინეს
  • უხრწნადი ნარჩენების ბუნებაში დატოვებას
  • მაღაზიაში კონსულტანტების კუდში დევნას
  • ბრტყელ–ბრტყელ სადღეგრძელოებს სუფრაზე “წარსულების” და მომავლების პატივსაცემად
  • შჩმ-ს და ჩმდდშვც-ს

და ასე უსასრულოდ.

მაგრამ, რაკი მე ახლა ჰექსეს პოსტის გაგრძელება უნდა დავწერო და თანაც სულ ერთი კვირაა ასეთი სუპერ პოზიტიური ჰედერი მაქვს ბლოგზე დაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვუკლო ნეგატიური შინაარსის პოსტებს,

ამიტომ, ჯობია გეტყვით რა მიყვარს მე:

(წიგნებს, მწერლებს და ფილოსოფოსებს განზრახ არ ჩამოვთვლი. გამომრჩება ვიღაც, ან დამიწუნებენ გემოვნებას და მოკლედ შარია რა ;))

ტექნიკა და ტექნოლოგიები

მარტო კომპიუტერი, ტელეფონი, ფოტოაპარატი კი არა, სარეცხი მანქანა და მაცივარიც მიყვარს, მიკროტალღოვანი ღუმელებიც და ინტერნეტის კაბელებიც. ისე მიყვარს, რომ ყველაზე დიდხანს ტექნიკის მაღაზიაში ვატარებ ხოლმე, ჩვენებური “ელიტელექტრონიქსი” იქნება თუ ევროპული “Media Markt”–ი. უფ, გერმანიაში ყოფნისას სტუდენტური სამუშაოს შოვნაც კი მინდოდა კომპ. ან ფოტო ტექნიკის სართულზე Saturn-ში, მაგრამ ჩემი გერმანული რომელი პრეტენზიული კლიენტის კითხვებს გაუმკლავდებოდა :(

შოკოლადი და ნაყინი

იტალიური ნაყინი და შვეიცარიულ/ბელგიური შოკოლადი შეიძლება არ გიყვარდეს? ნამდვილად არ შეიძლება :)

ახალი ინფორმაცია და ახალი კონტაქტები

გადამევსო ტვინი ინფორმაციით, მაგრამ აშკარად არაა საკმარისი. რაც უფრო მეტ სიახლეს ვიგებ, მით მეტია გასაგები და დასამახსოვრებელი. ხანდახან პანიკა მიპყრობს. მაგრამ მახსენდება რომ ჩემს გვერდით არიან გუგული დეიდა და ვიკი ბიცოლა ♥ დამავიწყდება? გამახსენებენ, რა პრობლემაა ;)

ახალ კონტაქტებს თითქოს ვერიდები. იშვიათად, რომ ინიციატივა გამოვიჩინო, მაგრამ სოციალური მედიის ეპოქაში გარდაუვალია (და კარგიცაა), მაგრამ ქუჩაში რომ ადამიანს ხედავ და ვერ ხვდები ნაცნობია თუ უბრალოდ ვინმეს ფოტოებიდან გეცნობა, ამის გამო ბევრჯერ აღმოვჩენილვარ სასაცილო მდგომარეობაში.

ძლიერი და ჭკვიანი ადამიანები

ეს ჩემი სისუსტეა. ძლიერი და ჭკვიანი ადამიანები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ, იმდენად, რომ ცუდს ვეღარ ვამჩნევ. და პირიქით, ხშირად მითქვამს, რომ ყველაზე მეტად ვერ ვიტან ჭიებს, ტარაკნებს და სუსტ ადამიანებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისუსტეების გამოვლენას ვგულისხმობ :)

აი, ისევ “ვერ ვიტან”-ით დავასრულე :))

პ.ს. მაპატიეთ, უინტერესო პოსტი გამომივიდა, აშკარად ეტყობა, რომ უგულოდ დავწერე.

პ.პ.ს. დამვიწყებია და მცირედი დაგვიანებით ამ თემის გაგრძელებას ისევ კატოს და ლიტერატორს ვთხოვ :))

June 23rd, 2010

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ…

და მე რომ ასეთი პოსტი უკვე დავწერე? :)

თუმცა, იქ ყველაზე და ყველაფერზე ეწერა, ჩემს გარდა. ჰოდა აი ახლა, ლანდიშას დავალებით, მეც უნდა აღვწერო როგორია ხოლმე Katieé, ქუჩაში :)

ს ა დ…

დავიწყოთ იმით, რომ ჩემი ქუჩაში ნახვა საკმაოდ ძნელია. ფეხით სიარული მეზარება, მითუმეტეს, რომ 100–დან 99 შემთხვევაში მაღალქუსლიანები მაცვია და დამეთანხმებით, ქუსლიანებით თბილისის ოღროჩოღრო ქუჩებში სეირნობა ვერაა მთლად სასიამოვნო. ჰო, აქვე განვმარტავ, თავი დაბალი (აღ)არ მგონია და კომპლექსის გამო არ დავკაკუნებ მაღლებზე, უბრალოდ, ესოდენ მომხიბვლელი ე.წ. “ბალეტკების” ჩაცმა ჩემთვის მინიმუმ რამდენიმე დღიანი ტკივილს ნიშნავს, ამიტომ, ჩემი ფინანსების სერიოზული ნაწილი ტაქსის მძღოლების ჯიბეში მიდის :( მოკლედ, ამოსაცნობი ნიშანი #1: ქუსლიანი ფეხსაცმელი, ყველაზე შეუსაბამო სიტუაციაშიც კი.

ბოლო დროს, საღამოობით ყველაზე ხშირად მეგობრებთან ერთად რომელიმე ლიტერატურულ კაფეში (წიგნები, უგემრიელესი ნამცხვრები და კარგი ყავა), მიცკევიჩზე 4 SeasonS-ში (კარგი სიტუაცია, მუსიკა და კოქტეილები) ან ძველი მერიის უკან, Peoples-ში მნახავთ (იგივე). ახლა უკვე Tiflis View-დან თბილისის ხედით ტკბობის სეზონიც დადგა (რა რეკლამებს ვაკეთებ, თქვით), ვნახოთ, შეიძლება იქ გადავბარგდეთ. ჰო, კიდე, ჩინური სამზარეულოს დიდი ფანი ვარ და მაგ დროს მავიწყდება ზედმეტი კილოგრამები… შეგიძლიათ დამპატიჟოთ ;) (თუმცა, რასაკვირველია არ წამოვალ :))

აი ღამის საათებში Bufallo Bill-ი შუცვლელი და შეუდარებელია პეროვზე :) თუ ფეხი შევდგით, მერე ფაქტიურად პერსონალთან ერთად მოვდივართ სახლში :)

ისე, წელს მგონი არტგენი ეთნოგრაფიულში არ იგეგმება ხო? :( არადა ეგ ზაფხულის არტგენი “პრასვეტია” ჩემთვის. ლუდი, მუსიკა და სუფთა ჰაერი ♥

რ ო გ ო რ…

ქუსლებზე უკვე დავწერე.

ამოსაცნობი ნიშანი #2: ტიპიურ მე-ს აუცილებლად ექნება ხვეული თმა, თან, რა თქმა უნდა სახეზე ჩამოყრილი :D

თუ სწორი თმით დამინახეთ, ე.ი. ჩემს ქიმიურ დახვევას ვადა გასდის და ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს საშიში ვარ. არაფერი არ მიკარგავს ცხოვრების ხალისს ისე, როგორც სარკეში ჩახედვისას სწორი თმის დანახვა და თუ კიდევ სხვაც მხედავს ასეთს, მტრისას, მიფრთხილდით…

(როგორც ჩანს, გოტფრიდ ლენცი სულ ასეთ დროს მაწყდება საბურთალო-კუტუზოვის ქუჩაზე და მერე მეუბნება, დაღვრემილი რატო დადიხარო)

სხვა ამოსაცნობი ნიშნები…

დიდი სათვალე. დაახლოებით აი ასეთი:

ფოტოაპარატი: მამძიმებს, მაგრამ ყველგან დავათრევ. თუ ვერ ხედავთ, დიდი შანსია, ჩანთაში მქონდეს :) (თუ არც იქაა, ე.ი. ქონგურთან ან ლანდიშასთან უნდა მოიკითხოთ)

სხვა ბლოგერებთან წავიკითხე, თურმე ყველა მუსიკალური პლეერით დადის და შემშურდა :( მე ვიფიქრე ვიფიქრე და ფილიპსი/სვაროვსკის “ნაუშნიკებში” ფული დამენანა, თან რომ მეყიდა, Deutche Bank-ის ნაჩუქარ იაფფასიან მპ3-პლეერში ხომ არ შევარჭობდი, ერთი იმდენი პლეერში უნდა გადამეხადა, ჰოდა დავდივარ ასე, ვტკბები ქუჩის ხმაურით :))

ჰოდა, თუ შემომხვდით, შეგიძლიათ დამირღვიოთ ეს ხმაურიანი სიტკბოება, გამიკვირდება და გამიხარდება, რადგან მე თვითონ ალბათ არასოდეს არ/ვერ მოვიდოდი პირველი თქვენთან :)

p.s. ასპარეზს ვუთმობ ჩემს მეგობარს, კატოს - კოსმეტოლოგიური ბლოგიდან :)

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins