Je m'appelle Eka..

May 29th, 2012

გუჯა ჟღენტი

ამ ქალაქში მართლა ყველაფერი მოსულა.

ამ ქალაქში ძაღლი, რომელიც ჭექა-ქუხილით შეშინებული სახლიდან გამექცა, მეორე დღესვე ვიპოვე. ძაღლს გაუმართლა, სიდიდის მიუხედავად გამომეტყველება კეთილი აქვს და ალბათ მაგიტომ, ვიღაც მიხვდა, რომ მაწანწალა და აგრესიული არ იყო და ძაღლების ‘დახოცვის’ სამსახურის ნაცვლად თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში დარეკა. ელიზბარაშვილმა წაიყვანა, ღამე გაათევინა, მოუარა. მეორე დღეს პატრონი ქუჩა-ქუჩა ეძება. შემდეგ ვიღაც კეთილმა ადამიანმა დაიტოვა, იჩუქა. ბოლოს კიდევ ერთმა კეთილმა ადამიანმა ფეისბუქზე ჩვენი ტელეფონის ნომერი ნახა, დაგვირეკა. მივედით, ვიპოვეთ, მოვიყვანეთ. შეშინებული, უვნებელი. და ეს ყველაფერი სულ 24 საათში.

ამავე ქალაქში ცოცხალ ადამიანს – გუჯა ჟღენტს, თვენახევრის განმავლობაში ვერ მიაგნეს. პატრული რას მიკეთებსო, ვიშვიშებდა ზოგიერთი. და დანარჩენი, ჩვეულებრივი ხალხი?

ამდენი ადამიანიდან, ფეისბუქზე რომ ათენებდა და აღამებდა და გუჯას ფოტოებს აშეარებდა, დავიჯერო არცერთს არ შეხვდა ეს ბიჭი ქუჩაში? ერთი თქვეს, ავერსში უნახავთო. ამ ვიდეოზე (ავერსის კამერითაა გადაღებულიო) ჩანს, რამდენ ხანს იდგა. ამდენივე ხანს სხვა ბევრ ადგილასაც იქნებოდა. ნუთუ ვერავინ მოიფიქრა პატრულში დაერეკა? ძაღლისთვის მეტი კეთილი ადამიანი გამოჩნდა და ადამიანისთვის – არცერთი?

რატომღაც პირველი დღეებიდანვე ამეკვიატა, რომ წარწერა ფოტოზე – “ავადმყოფი ბიჭია” ბევრს შეაშინებდა და აერიდებოდნენ. ჩვენ ხომ ძალიან არ გვიყვარს “ავადმყოფი” ბიჭები.

27 მაისს გუჯა მტკვარში იპოვეს.

ახლა ყველანი “ღმერთმა ნათელში ამყოფოს”-ით ვიწმენდთ ნამუსს.

March 18th, 2012

გამარჯობა, ხელფასი რამდენი გაქვს?

ხელფასი, მთელ კაპიტალისტურ მსოფლიოში, თითქმის ისეთივე ინტიმური საკითხია, როგორც – რამდენჯერ გაქვს კვირაში სექსი, იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელზე მეუღლე/პარტნიორი ფლობს ექსკლუზიურ ინფოს, ხოლო პირველზე – დამქირავებელი და საგადასახადო.

ხელფასი რამდენი გაქვს? – ეს კიდევ უფრო მეტად მაბნევს, ვიდრე მეორე, ასევე ხშირად დასმულთაგანი – რატომ არ თხოვდები?

თუ მეორე კითხვაზე შემიძლია ირონიულად ვუპასუხო, არავის ვუნდივართქო, ხელფასის საკითხზე ყველა პასუხი ჩანასახშივე მცდარია.

თუ კონკრეტულ (სულერთია, მართალ თუ ტყუილ) რიცხვს დაასახელებ, აუცილებლად დაინახავ წამიერად დაფიქრებულ სახეს და თანამოსაუბრის რომელიმე რეაქციას მოისმენ თუ არა, ამოიკითხავ მაინც:

  • უი, რა ცოტაა ! (მის ხელფასთან, ან “შენ რამდენიც ისწავლე” იმასთან შედარებით) + შეცოდება/ნიშნის მოგების უნებური გამომეტყველება;
  • ჰმ, რა გინდა გენაცვალე, კაი ხელფასია, აგერ ჩემმა ბიჭმა/გოგომ ამდენი ისწავლა და 500 ლარზე მუშაობს დღე და ღამე ! + გულდაწყვეტილ-უკმაყოფილო გამომეტყველება.

თუ კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებ, დასკვნები მაინც იგივეა, ოღონდ – გულში.

ორივე შემთხვევაში მოპასუხე ვარდება უხერხულ მდგომარეობაში მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზით და ამას კითხვის ავტორიც ყოველთვის გრძნობს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და შეკითხვაც ამაყად ინარჩუნებს ადგილს ხშირად დასმული არაკორექტული კითხვების ყველა დროის საუკეთესო ათეულში.

გამოსავალი? – არ არის ..

January 12th, 2012

დედის როლი ქართველი მამაკაცის დაოჯახებაში, ანუ ეგი რესტორანში ხვარ დადიოდაო?

ვიდეო 1:

ვიდეო 2:

პ.ს. და-ძმა ცქიტიშვილების ფანი ვარ, ეს ისე, ბოღმა ხარო, რომ არ დამწამოთ. ამიტომაც, ორმაგად ‘გამიტყდა’ ეს სიუჟეტი რომ ვნახე.

June 26th, 2011

შუქი ჩააქრეთ!

UPDATED ინფორმაცია […] -ში :

ეს ‘ფოტო’ გუშინ გავაკეთე და გამოვაქვეყნე ფეისბუქის გვერდზე. დღეს უკვე გვერდი დამხვდა გახსნილი, [აწ უკვე 1000ზე მეტი ფანით. ვიდრე გვერდს მივაგნებდი, ფოტომ მოიარა ფეისბუქი, რაც გამიხარდა, მაგრამ თითქმის ყველა გადაშეარებულ ფოტოზე ] წარწერა ავტორის შესახებ, რასაკვირველია მოშლილია. ყველაზე უცნაური ისაა, რომ როცა [ფოტოს გადამშეარებელ რომელიმე მომხმარებელს ] თავაზიანად სთხოვ, იქნებ სადმე კუთხეში მაინც მიმაწეროთო, დაგცინებენ – მიდი და იჩივლეო, ან გაგლანძღავენ და შეიძლება საერთოდაც მიგბლოკონ. მერე სადმე, შემთხვევით დიალოგებში საკუთარ სახელსაც მოკრავ ყურს, იცი, აი იმან ამბავი ატეხა, ‘შედევრი’ რომ მოპარესო. ზუსტად იგივე ხდება, როცა ბლოგიდან რაიმეს უბოდიშოდ და წყაროს მითითების გარეშე აკოპირებენ. ხმას ამოიღებ და თავად გამოხვალ თავხედი – რა გაგკვირვებია ეს შენი ნაჯღაბნიო, პირში თუ არა, ზურგსუკან მაინც იტყვიან.

არადა, როგორი მარტივია ყველაფერი – ცუდია თუ კარგია, რაც ჩემია, ჩემია. ერთი მოსაგონარი სადღეგრძელო მაინც არ მეკუთვნის, კაცცო?

შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს!

[ ფეისბუქ-გვერდის ავტორს მივაგენი, ჩვენივე მეგობარი, ძალიან ნიჭიერი ბლოგერი ქილიფა აღმოჩნდა. ეს საბედნიეროდ, თორე მსგავს შემთხვევებში არანაცნობებთან წარუმატებელი მოლაპარაკების ცუდი გამოცდილება ბლოგერებს უკვე აქვთ :D ქილიფამ პირველწყაროს აღმოჩენისთანავე, ანუ მას შემდეგ რაც ჩემი კომენტარი წაიკითხა, მიუთითა წყაროც და ავტორიც, მაგრამ ამ ერთი მერცხლით, ვეჭვობ ქართველი მომხმარებლების ურთიერთპატივისცემის კულტურას ბევრი რამ ეშველოს. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია:) ]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins