Je m'appelle Eka..

May 1st, 2012

ფეხის ბანვის შესახებ

30.04.12. 11:45 ->

ამ პოსტის წერის დაწყებისას სადღაც ლანჩხუთის გზაზე ვარ, ყურსასმენებში Cocoon-ის ულამაზეს, ცოტა დეპრესიულ სიმღერებს ვუსმენ, ყურსასმენების გარედან კი ტაქსის მძღოლის რჩეული ალბომის გამკივანი დნცკ დნცკ აღწევს. შემხვედრი ტრაილერების კაშკაშა შუქი დროდადრო არღვევს გარეთ გამეფებულ სიბნელის უსაფრთხოებას. მგზავრობის ზოგადად საკმაოდ მეშინია, მითუმეტეს ღამით და მითუმეტეს უცხო მძღოლთან. ამიტომ, ვერ დავიძინებ. რამე უნდა ვაკეთო. მობილურით ფეისბუქზე შევიჭყიტე და მივხვდი, რომ ყოველი მეორე აღშფოთებული სტატუსი პატრიარქის დღევანდელ ქადაგებას ეძღვნება. საინტერესოა.

ციტატა პატრიარქის 29 აპრილის საკვირაო ქადაგებიდან

„მაგალითად, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს“

გამეღიმა, როცა წავიკითხე. არ გავბრაზებულვარ, არადა ჩემისთანა “ფემინისტკა” წესით უნდა აღშფოთებულიყო და ასეც მოხდებოდა, რომ არა ჩემი იმწუთიერი მშვიდი განწყობა. ჰოდა ახლა ვფიქრობ და რასაც ვფიქრობ, თან ვწერ. მგონია, რომ ეს კაცი ტყუილუბრალოდ არასდროს ამბობს ასეთ უცნაურ რამეებს და მისი ნათქვამები არც ისეთი ცალსახა და ერთაზროვანია ხოლმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იქნებ რა იგულისხმა? მოდი, მივყვეთ უკუმიმდევრობით:

  • მოეფერეთო

მგონი ეს ყველაზე ნაკლებად აღმაშფოთებელაღსაშფოთებელი განცხადება იყო. ცოლ-ქმრობა და საერთოდ ნებისმიერი ნორმალური ოჯახური ურთიერთობა ხომ მოფერებაზე რიგითობას არ აწესებს, ბუნებრივად იგულისხმება. თანაც იგივეს, ოღონდ სხვა სიტყვებით არაერთი ქალი ამბობს საკუთარი თავის ან სხვა ქალის კრიტიკისას, დაახლოებით ასეთი კონტექსტით: მომფერებელი ცოლის ქმარი სხვა ქალებში არ დაიწყებს სიარულსო. მოფერებაში რას იგულისხმებთ, ეს ილია II-ს არ დაუკონკრეტებია ;) ინტერპრეტაციასა და ფანტაზიებში ყველა თავისუფალია ;) Read the rest of this entry »

July 10th, 2011

10 ივლისის აქციის ქრონიკის კრიტიკული მიმოხილვა

დღეს, კვირას, 10 მაისს, მართლმადიდებელთა ნაწილის ინიციატივით სამების საკათედრო ტაძარში შეკრება და შემდეგ საპროტესტო მსვლელობა იგეგმებოდა, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანიც საქართველოს პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება და კანონის გაუქმების მოთხოვნა იყო. შეგახსენებთ, რომ კანონმა რელიგიურ გაერთიანებებს უფლებამოსილება მიანიჭა დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით საჯარო რეესტრში (თანაბრად ქართული მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ეკლესიისა).

კანონის ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ძალიან საკამათოა და საეჭვოა კომპეტენტურ კრიტიკას გაუძლოს. აკრიტიკებენ გადაწყვეტილების მიღების ნაჩქარევობასაც, რამაც შეიძლება გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია და ეთნიკურ-რელიგიური შუღლის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს (და მგონი ამ ნაწილში უკვე არის სამწუხარო ძვრები). ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამ ნაბიჯს იმ დიდი ‘პროექტის’ შესავალს უწოდებს, რასაც 600-მდე ქართული ეკლესიის სომხებისათვის გადაცემა ჰქვია.

ნუ, მე არ ვიცი საერთოდ 600 ეკლესია დგას თუ არა საქართველოში და მითუმეტეს სომხებმა როდის და როგორ მოასწრეს ამდენის აშენება, მაგრამ, ვაღიარებ, არც 60-ის უპირობო გადაცემის (თავისი მიწაწყლით) პერსპექტივას მოვყავარ დიდ აღფრთოვანებაში. თუმცა, როგორც იურისტისთვის, ისიც გაუგებარია, ნებისმიერი, თუნდაც საჯარო სამართლის (ჩემი აზრით სრულიად შეუსაბამო) იურიდიული პირის სტატუსი, როგორ შეიძლება იყოს ამ გადაცემის გარანტია, ან თუნდაც წინაპირობა.

სხვაგვარად ფიქრობს, ქართველი მართლმადიდებლების ნაწილი და არა მხოლოდ ისინი. ხალხის ნაწილისთვის ეს წინაპირობა პატრიარქის განცხადებასთან ერთად საკმარისი აღმოჩნდა განგაშის ზარების შემოსაკრავად და აი ასე, სპონტანურად, გუშინ, თურმე საკმაოდ დიდი მსვლელობაც გაიმართა: http://pik.tv/ru/news/story/sviashenniki-protiv-zakona

აქციის გაგრძელება, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, დღეს 12:00-ზე იგეგმებოდა. ჰოდა, მეც, ჩემი ფოტოაპარატითა და ფლიპკამით შეიარაღებული, 1 საათისთვის სამების ტაძარში მივედი. Read the rest of this entry »

July 8th, 2011

- У ТЕБЯ всё есть… – У ВАС тоже всё есть…

ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად – ზრდილობა,
თუ კაცი კაცად არ ვარგა, რას არგებს გვარიშვილობა.

July 5th, 2011

სსიპ – რელიგიური გაერთიანებების სტატუსი [მცირე განმარტებანი]

დღის ერთ-ერთი სიახლეთაგანი: საპატრიარქოს მორიგი განცხადება და საპასუხო ვირტუალური ისტერია დევიზით: “მოვუწოდებთ პარლამენტს არ დაემორჩილოს პატრიარქს!

მოდი, ჯერ ვნახოთ რა არის საპატრიარქოს განცხადების ძირითადი თეზისები?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიაჩნია, რომ აუცილებელია, შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა.

“მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა – მეორე და მესამე მოსმენა და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს

“თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული” - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

ახლა მაინტერესებს, სანამ ისტერიკას გამართავდნენ, რამდენმა იცოდა და თუ არ იცოდა, რამდენმა ჩახედა კანონს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ და დაფიქრდა, არის კი საერთოდ მიზანშეწონილი, რომელიმე რელიგიურ გაერთიანებას (მათ შორის, მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას) ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი?

ზარმაცებისთვის სპეციალურად ამოვაკოპირე ამ კანონის მე-2 მუხლი:

მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება (21.11.2008 N 542)
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. (10.12.2010. N3973)

ის, რომ საქართველოს საპატრიარქოს უკვე აქვს, რატომღაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი – სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის, სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მრავალი სხვა სსიპ-ის მსგავსად, არ ნიშნავს იმას, რომ ა პრიორი კარგია, თუ ყველა სხვა რელიგიური წარმონაქმნიც კანონისა და კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე შეიქმნება/გაუქმდება და სახელმწიფო კონტროლით იფუნქციონირებს.

იქნებ პირიქით, ცუდია ეს და მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანაბარ პოზიციაში ჩაყენების გამო, სულაც არ ღირს ამ კანონის მიღება? და თქვენ მხოლოდ იმიტომ უჭერთ მხარს, რომ პატრიარქმა (რომელსაც ძაალიან ხშირად კატეგორიულად არ ვეთანხმები მეც და ამის გამო მეგობრების რისხვას ხშირად ვიმსახურებ) დაასწრო სხვას და ითხოვა, იქნებ ჯერ განგეხილათ და სამსჯელოდ გამოგეტანათო???

თუ შვეიცარიაში ეკითხებიან მოსახლეობას აზრს ყველა, მცირე მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებისასაც კი, მუნიციპალურ თუ ცენტრალურ დონეზე, ჩვენ რა ვართ ასეთი, რომ კატეგორიულად არ გვინდა, მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებისას, უბრალოდ აზრი მაინც გვკითხონ???

 

UPDATE: ცვლილება შეტანილია, ოღონდ სრულიად საოცარი სახით: საჯარო სამართლის იურიდიული პირზე, რომლის სახითაც რეგისტრაცია შეუძლია რელიგიურ გაერთიანებას, არ გავრცელდება კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირრების შესახებ, არამედ ზუსტად იგივე ნორმები (სამოქალაქო კოდექსიდან), რაც არაკომერციულ იურიდიულ პირებზე (NGO-ები, კავშირები, ფონდები), როგორც აქამდე. ანუ ეს იქნება შინაარსით კავშირი, სახელწოდებით – სსიპ. აზრი?

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins