Je m'appelle Eka..

October 26th, 2012

მეზობელი

03.2012

როგორც იქნა, strawberrynet-იდან ‘რუჟი’ გამოვიწერე (აი, ადრე რომ ‘რუმიანა’-ს ეძახდნენ ის). რა ძვირია ეს კოსმეტიკა. კიდევ კარგი, ხარისხიანი, ყველაფერი წელიწადზე მეტხანს მყოფნის.

საღამოსკენ კარზე მეზობელმა დააკაკუნა. მოხუცები არიან. ცოლქმარი. რუსები. ორივე ქართულს ამტვრევს. ქმარიაო ცუდად, სასწრაფო გამომაძახებინეთო. მოწამლულა. უფასო სასადილოში ვჭამთო, გაამხილა და აწყინაო რაღაცამ.

მე კიდევ სულ რაღაც 60$ ‘რუმიანაში’ მივათხლიშე.

10.2012

ზარია. ისევ тётя გალჲა. ტირის. ქმარი დაკარგა. 70 წლისაა სერგეი. საბუთისთვის გავედითო, იუსტიციის სახლში გაგვაგზავნეს და მარტო წავიდაო და 5 საათი გავიდა, არ დაბრუნებულაო. გახდა ექვსი, შვიდი, დაიკეტა ბანკები, იუსტიციის სახლიც. მოემზადნენ მეზობლები სასწრაფოში დასარეკად, ან პატრულში. როგორ გინდა იპოვო მილიონნახევრიან ქალაქში ადამიანი, რომელსაც მობილურიც არ აქვს?

8 საათისთვის სერგეი ამოლასლასდა აღმართზე, წვიმაში. ფული აღარ მქონდა და ფეხით წამოვედიო.

იუსტიციის სახლიდან საბურთალომდე.

 

May 29th, 2012

გუჯა ჟღენტი

ამ ქალაქში მართლა ყველაფერი მოსულა.

ამ ქალაქში ძაღლი, რომელიც ჭექა-ქუხილით შეშინებული სახლიდან გამექცა, მეორე დღესვე ვიპოვე. ძაღლს გაუმართლა, სიდიდის მიუხედავად გამომეტყველება კეთილი აქვს და ალბათ მაგიტომ, ვიღაც მიხვდა, რომ მაწანწალა და აგრესიული არ იყო და ძაღლების ‘დახოცვის’ სამსახურის ნაცვლად თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში დარეკა. ელიზბარაშვილმა წაიყვანა, ღამე გაათევინა, მოუარა. მეორე დღეს პატრონი ქუჩა-ქუჩა ეძება. შემდეგ ვიღაც კეთილმა ადამიანმა დაიტოვა, იჩუქა. ბოლოს კიდევ ერთმა კეთილმა ადამიანმა ფეისბუქზე ჩვენი ტელეფონის ნომერი ნახა, დაგვირეკა. მივედით, ვიპოვეთ, მოვიყვანეთ. შეშინებული, უვნებელი. და ეს ყველაფერი სულ 24 საათში.

ამავე ქალაქში ცოცხალ ადამიანს – გუჯა ჟღენტს, თვენახევრის განმავლობაში ვერ მიაგნეს. პატრული რას მიკეთებსო, ვიშვიშებდა ზოგიერთი. და დანარჩენი, ჩვეულებრივი ხალხი?

ამდენი ადამიანიდან, ფეისბუქზე რომ ათენებდა და აღამებდა და გუჯას ფოტოებს აშეარებდა, დავიჯერო არცერთს არ შეხვდა ეს ბიჭი ქუჩაში? ერთი თქვეს, ავერსში უნახავთო. ამ ვიდეოზე (ავერსის კამერითაა გადაღებულიო) ჩანს, რამდენ ხანს იდგა. ამდენივე ხანს სხვა ბევრ ადგილასაც იქნებოდა. ნუთუ ვერავინ მოიფიქრა პატრულში დაერეკა? ძაღლისთვის მეტი კეთილი ადამიანი გამოჩნდა და ადამიანისთვის – არცერთი?

რატომღაც პირველი დღეებიდანვე ამეკვიატა, რომ წარწერა ფოტოზე – “ავადმყოფი ბიჭია” ბევრს შეაშინებდა და აერიდებოდნენ. ჩვენ ხომ ძალიან არ გვიყვარს “ავადმყოფი” ბიჭები.

27 მაისს გუჯა მტკვარში იპოვეს.

ახლა ყველანი “ღმერთმა ნათელში ამყოფოს”-ით ვიწმენდთ ნამუსს.

May 15th, 2012

Bazaar

რამდენიმე კვირის წინ ვაგზლის მიმდებარე ბაზარ-ბაზრობებში გავიარე და გზადაგზა ფოტოები გადავიღე.

ახლა მობილურს ვასუფთავებდი და წასაშლელად დამენანა. იყოს აქ :)

Read the rest of this entry »

January 14th, 2012

ვითომ განახლებული ლილო მოლი

ლილოში ყოფილხართ? სახელგანთქმულ ბაზრობას ვგულისხმობ, სადაც, ლეგენდის თანახმად (და პრაქტიკულადაც) თბილისის ბაზრობებზე გამოტანილ ‘ტავარს’ (ხშირად კი – ნაგავს) ნახევარ ან მესამედ ფასად იყიდი, ოღონდ ტალახში ამოგანგლვისა და თითო საათი იქით-აქეთ მარშრუტკაში ჯაყჯაყის ხარჯზე.

რამდენიმე თვის წინ ლილოს ბაზრობის, აწ უკვე ლილო მოლად წოდებულის რეკლამა გამოჩნდა ტელეეკრანებზე:

ლგბტ-ფერებში გადაწყვეტილი ლოგო და რეკლამის სულისკვეთება ნათელ მესიჯს გვაწვდიდა: ეს ის ლილო აღარ არის! განახლებული, უფრო თანამედროვე! WOW! დაუჯერებელია!

მე პირადად, ვიფიქრე, რომ ლილოში დიდი სავაჭრო ცენტრი გააკეთეს და მიწაზე კარვებში მჯდომი ხალხი, ცივილიზებულად, გადახურულ შენობებში გადაიყვანეს. რასაკვირველია, ‘ჰაროდსს’ და ‘ლაფაიეტს’ არ ველოდი, მაგრამ ‘კიდობანს’ ან ‘პასაჟს’ – კი.

ახლა კი იხილეთ ცხელ-ცხელი, რეალური ფოტოები ლილო მოლიდან, ანუ სიცივით, მტვერით, ყალბი UGG, Prada, Chanel, Adidas-ებითა და უკმაყოფილო გამყიდველებით გაჯერებული, კანტი-კუნტად მობოდიალე კლიენტების ამარა დარჩენილი ლილოს ბაზრობიდან.

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins