Je m'appelle Eka..

October 26th, 2012

მეზობელი

03.2012

როგორც იქნა, strawberrynet-იდან ‘რუჟი’ გამოვიწერე (აი, ადრე რომ ‘რუმიანა’-ს ეძახდნენ ის). რა ძვირია ეს კოსმეტიკა. კიდევ კარგი, ხარისხიანი, ყველაფერი წელიწადზე მეტხანს მყოფნის.

საღამოსკენ კარზე მეზობელმა დააკაკუნა. მოხუცები არიან. ცოლქმარი. რუსები. ორივე ქართულს ამტვრევს. ქმარიაო ცუდად, სასწრაფო გამომაძახებინეთო. მოწამლულა. უფასო სასადილოში ვჭამთო, გაამხილა და აწყინაო რაღაცამ.

მე კიდევ სულ რაღაც 60$ ‘რუმიანაში’ მივათხლიშე.

10.2012

ზარია. ისევ тётя გალჲა. ტირის. ქმარი დაკარგა. 70 წლისაა სერგეი. საბუთისთვის გავედითო, იუსტიციის სახლში გაგვაგზავნეს და მარტო წავიდაო და 5 საათი გავიდა, არ დაბრუნებულაო. გახდა ექვსი, შვიდი, დაიკეტა ბანკები, იუსტიციის სახლიც. მოემზადნენ მეზობლები სასწრაფოში დასარეკად, ან პატრულში. როგორ გინდა იპოვო მილიონნახევრიან ქალაქში ადამიანი, რომელსაც მობილურიც არ აქვს?

8 საათისთვის სერგეი ამოლასლასდა აღმართზე, წვიმაში. ფული აღარ მქონდა და ფეხით წამოვედიო.

იუსტიციის სახლიდან საბურთალომდე.

 

May 29th, 2012

გუჯა ჟღენტი

ამ ქალაქში მართლა ყველაფერი მოსულა.

ამ ქალაქში ძაღლი, რომელიც ჭექა-ქუხილით შეშინებული სახლიდან გამექცა, მეორე დღესვე ვიპოვე. ძაღლს გაუმართლა, სიდიდის მიუხედავად გამომეტყველება კეთილი აქვს და ალბათ მაგიტომ, ვიღაც მიხვდა, რომ მაწანწალა და აგრესიული არ იყო და ძაღლების ‘დახოცვის’ სამსახურის ნაცვლად თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში დარეკა. ელიზბარაშვილმა წაიყვანა, ღამე გაათევინა, მოუარა. მეორე დღეს პატრონი ქუჩა-ქუჩა ეძება. შემდეგ ვიღაც კეთილმა ადამიანმა დაიტოვა, იჩუქა. ბოლოს კიდევ ერთმა კეთილმა ადამიანმა ფეისბუქზე ჩვენი ტელეფონის ნომერი ნახა, დაგვირეკა. მივედით, ვიპოვეთ, მოვიყვანეთ. შეშინებული, უვნებელი. და ეს ყველაფერი სულ 24 საათში.

ამავე ქალაქში ცოცხალ ადამიანს – გუჯა ჟღენტს, თვენახევრის განმავლობაში ვერ მიაგნეს. პატრული რას მიკეთებსო, ვიშვიშებდა ზოგიერთი. და დანარჩენი, ჩვეულებრივი ხალხი?

ამდენი ადამიანიდან, ფეისბუქზე რომ ათენებდა და აღამებდა და გუჯას ფოტოებს აშეარებდა, დავიჯერო არცერთს არ შეხვდა ეს ბიჭი ქუჩაში? ერთი თქვეს, ავერსში უნახავთო. ამ ვიდეოზე (ავერსის კამერითაა გადაღებულიო) ჩანს, რამდენ ხანს იდგა. ამდენივე ხანს სხვა ბევრ ადგილასაც იქნებოდა. ნუთუ ვერავინ მოიფიქრა პატრულში დაერეკა? ძაღლისთვის მეტი კეთილი ადამიანი გამოჩნდა და ადამიანისთვის – არცერთი?

რატომღაც პირველი დღეებიდანვე ამეკვიატა, რომ წარწერა ფოტოზე – “ავადმყოფი ბიჭია” ბევრს შეაშინებდა და აერიდებოდნენ. ჩვენ ხომ ძალიან არ გვიყვარს “ავადმყოფი” ბიჭები.

27 მაისს გუჯა მტკვარში იპოვეს.

ახლა ყველანი “ღმერთმა ნათელში ამყოფოს”-ით ვიწმენდთ ნამუსს.

December 1st, 2011

მკვლელი მშობლები

როდესაც საკუთარ შვილებზე შეყვარებულ მშობლებზე ამ პოსტს ვწერდი, არ მიფიქრია, რომ სრულიად საპირისპირო შემთხვევებიც არსებობს ან ისეთი, როცა ზედმეტი სიყვარული და შვილის სრულყოფილებისკენ სწრაფვა სიძულვილსა და სადიზმში გადადის.

ალბათ ბევრს გინახავთ შუა ქუჩაში, პლაჟზე ან სხვა საჯარო ადგილას ქალი, რომელიც გამეტებით ურტყამს, თმით ითრევს შვილს, ყურებს ახევს, უკივის, სჯის იმის გამო, რომ ‘წესიერად არ იქცევა ხალხში’. ალბათ იშვიათად გინახავთ, ვინმე ჩარეულიყოს ამ ამბავში: თავის შვილია და რასაც უნდა, იმას უზამს” მოტივით. ან უარესი: მართალია, დედას არ უჯერებს, უნდა ისწავლოს ქუჩაში მოქცევა.

ცოტა თუ ფიქრობს, ხოლო თვითონ აგრესიული მშობელი ყველაზე ნაკლებად, იმაზე, ვისი საქციელი უფრო სამარცხვინოა ხალხში: პატარა ბავშვის, თუ მკაცრი მშობლის. იმაზეც ცოტა ფიქრობს, რა ხდება სახლის კედლებს მიღმა, თუ საჯაროდ ასე არ ერიდებიან ბავშვის უკიდურესი ფორმებით დასჯას, რა ზომებს შეიძლება მიმართონ მაშინ, როცა არავინ უყურებს.

ალაგ-ალაგ მეორე უკიდურესობასაც გაიგებს კაცი: ნტ ნტ ნტ, როგორ შეიძლება თურმე სოფელში 10 წლის ბავშვს ამუშავებენ და სკოლაში დახეული ბოტებით დადის. შეიყრება მთელი ტელევიზია, გადაიღებენ 1-2 სკანდალურ სიუჟეტს, რამდენიმე NGO გრანტს მოხსნის ოჯახური ძალადობის თუ ბავშვის უფლებების თემაზე, ჩატარდება ტრენინგები, რომელსაც ძირითადად უშვილო ადამიანები დაესწრებიან და კრება რჩება მხიარული.

იმედი მაქვს, ჯერჯერობით საქართველოში ბავშვების დასჯის ფორმებს ამ დონისთვის არ მიუღწევია, მაგრამ სიღარიბის, ეკონომიკური კრიზისის და საერთო-სახალხო ნევროზის ზრდის ფონზე არაფერია გამორიცხული.

29 ნოემბერი, 2011. საფრანგეთი.

ბასტიან შამპენუა, 3 წ.

33 წლის უმუშევარმა კრისტოფ შამპენუამ გადაწყვიტა, 3 წლის შვილი, ბასტიანი დაესაჯა იმის გამო, რომ მან ბაღში, კლასელის ნახატები უნიტაზში ჩარეცხა. მამამ დასჯის ორიგინალური ფორმა აირჩია: ბავშვი სარეცხ მანქანაში შესვა და მანქანა ცივ რეჟიმში დაატრიალა (დიდი შეღავათი). რასაკვირველია, ბავშვი გარდაიცვალა, თავის მძიმე ტრავმებით. რომ არა 5 წლის ძმა, პოლიცია და მეზობლები ვერასდროს გაიგებდნენ, რომ ბასტიანი კიბეზე არ დაცემულა და რომ დასჯის ეს მეთოდი ჩვეულებრივი ამბავი იყო ამ ‘ოჯახში’.

აგვისტო, 2011. დალასი, ამერიკა.
მამამ და დედინაცვალმა 10 წლის ჯონათანი უწყლობით დასაჯეს, იმის გამო, რომ მან ლოგინში ჩაიფსა. 5 დღე, უკონდიციონერო ოთახში უწყლოდ ყოფნის გამო ჯონათანი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ყელში არახისის კარაქით ჰქონდა გაჩხერილი, რომლის გადასაყლაპად წყლის ყლუპის დალევის უფლებაც კი არ მისცეს ძვირფასმა ‘მშობლებმა’.

ივლისი, 2010. იაპონია.
ჯუნკო ეგაშირამ, 34 წლის დედამ, საკუთარი 5 წლის შვილი პლასტმასის თოკით თაროზე ჩამოკიდა და ძალიან გაოცდა, რამდენიმე საათში რომ მკვდარი აღმოაჩინა. მოგვიანებით გაამხილა, რომ ბავშვის ამ და სხვა დასჯის მეთოდებს ხშირად იყენებდა: ხან თაროზე კიდებდა ხელებგაშლილს და მაჯებზე წყლით სავსე ბუშტებს კიდებდა, ხან სარეცხ მანქანაში სვამდა პირზე სკოჩაკრულს და გაკოჭილს და ნელნელა წყლიტ ავსებდა. ხანდახან, ატრიალებდა კიდეც.

ამ შემზარავი ისტორიების უკან არ ვიცი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები დგანან თუ გაუნათლებელი იდიოტები, რომლებმაც არ იციან, რომ უწყლობა კლავს, ყელში თოკის წაჭერა კი – ახრჩობს. მაგრამ, ფაქტია, რომ ყველა მშობლის ძირითადი მოტივაცია შვილის სრულყოფილად აღზრდა იყო და მათი “გამოსწორების” მიზნით მიმართავდნენ დასჯის ამ ორიგინალურ ფორმებს.

მართლაც ღირს დაფიქრება, სად გადის ის ზღვარი, როცა უნდა ჩავერიოთ “სხვისი ბავშვის აღზრდაში”, როცა თვალი აღარ უნდა დავხუჭოთ აშკარა ძალადობაზე და არ უნდა გავატაროთ სხვისი ჭირი, როცა ჯერ კიდევ გვიანი არ არის, მაგრამ უკვე დროა.

July 10th, 2011

10 ივლისის აქციის ქრონიკის კრიტიკული მიმოხილვა

დღეს, კვირას, 10 მაისს, მართლმადიდებელთა ნაწილის ინიციატივით სამების საკათედრო ტაძარში შეკრება და შემდეგ საპროტესტო მსვლელობა იგეგმებოდა, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანიც საქართველოს პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება და კანონის გაუქმების მოთხოვნა იყო. შეგახსენებთ, რომ კანონმა რელიგიურ გაერთიანებებს უფლებამოსილება მიანიჭა დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით საჯარო რეესტრში (თანაბრად ქართული მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ეკლესიისა).

კანონის ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ძალიან საკამათოა და საეჭვოა კომპეტენტურ კრიტიკას გაუძლოს. აკრიტიკებენ გადაწყვეტილების მიღების ნაჩქარევობასაც, რამაც შეიძლება გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია და ეთნიკურ-რელიგიური შუღლის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს (და მგონი ამ ნაწილში უკვე არის სამწუხარო ძვრები). ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამ ნაბიჯს იმ დიდი ‘პროექტის’ შესავალს უწოდებს, რასაც 600-მდე ქართული ეკლესიის სომხებისათვის გადაცემა ჰქვია.

ნუ, მე არ ვიცი საერთოდ 600 ეკლესია დგას თუ არა საქართველოში და მითუმეტეს სომხებმა როდის და როგორ მოასწრეს ამდენის აშენება, მაგრამ, ვაღიარებ, არც 60-ის უპირობო გადაცემის (თავისი მიწაწყლით) პერსპექტივას მოვყავარ დიდ აღფრთოვანებაში. თუმცა, როგორც იურისტისთვის, ისიც გაუგებარია, ნებისმიერი, თუნდაც საჯარო სამართლის (ჩემი აზრით სრულიად შეუსაბამო) იურიდიული პირის სტატუსი, როგორ შეიძლება იყოს ამ გადაცემის გარანტია, ან თუნდაც წინაპირობა.

სხვაგვარად ფიქრობს, ქართველი მართლმადიდებლების ნაწილი და არა მხოლოდ ისინი. ხალხის ნაწილისთვის ეს წინაპირობა პატრიარქის განცხადებასთან ერთად საკმარისი აღმოჩნდა განგაშის ზარების შემოსაკრავად და აი ასე, სპონტანურად, გუშინ, თურმე საკმაოდ დიდი მსვლელობაც გაიმართა: http://pik.tv/ru/news/story/sviashenniki-protiv-zakona

აქციის გაგრძელება, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, დღეს 12:00-ზე იგეგმებოდა. ჰოდა, მეც, ჩემი ფოტოაპარატითა და ფლიპკამით შეიარაღებული, 1 საათისთვის სამების ტაძარში მივედი. Read the rest of this entry »

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins