Je m'appelle Eka..

July 7th, 2010 by Katiée

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

რა თქმა უნდა, ჩემი საკუთარი ინიციატივით, უფრო მეტი შანსი იყო დამეწერა პოსტი სრულიად საპირისპირო სახელწოდებით – “რასაც ყველაზე ძალიან ვერ ვიტან” და ჩამოვწერდი, როგორ ვერ ვიტან

  • პირის წკლაპუნით ჭამას და კევის ხმაურიან ღეჭვას
  • წყნარ ადგილას ან ოფისში მობილურზე გაუთავებელ ხმამაღალ საუბარს და სიცილს
  • ტელეფონზე, მეილზე ან სკაიპში პასუხის არ გაცემას და საერთოდ უყურადღებობას
  • დებილურ კითხვებს და დებილური კითხვების განმეორებით დასმას მარტო იმიტომ, რომ პირველ ახსნილს არ მოუსმინეს
  • უხრწნადი ნარჩენების ბუნებაში დატოვებას
  • მაღაზიაში კონსულტანტების კუდში დევნას
  • ბრტყელ–ბრტყელ სადღეგრძელოებს სუფრაზე “წარსულების” და მომავლების პატივსაცემად
  • შჩმ-ს და ჩმდდშვც-ს

და ასე უსასრულოდ.

მაგრამ, რაკი მე ახლა ჰექსეს პოსტის გაგრძელება უნდა დავწერო და თანაც სულ ერთი კვირაა ასეთი სუპერ პოზიტიური ჰედერი მაქვს ბლოგზე დაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვუკლო ნეგატიური შინაარსის პოსტებს,

ამიტომ, ჯობია გეტყვით რა მიყვარს მე:

(წიგნებს, მწერლებს და ფილოსოფოსებს განზრახ არ ჩამოვთვლი. გამომრჩება ვიღაც, ან დამიწუნებენ გემოვნებას და მოკლედ შარია რა ;))

ტექნიკა და ტექნოლოგიები

მარტო კომპიუტერი, ტელეფონი, ფოტოაპარატი კი არა, სარეცხი მანქანა და მაცივარიც მიყვარს, მიკროტალღოვანი ღუმელებიც და ინტერნეტის კაბელებიც. ისე მიყვარს, რომ ყველაზე დიდხანს ტექნიკის მაღაზიაში ვატარებ ხოლმე, ჩვენებური “ელიტელექტრონიქსი” იქნება თუ ევროპული “Media Markt”–ი. უფ, გერმანიაში ყოფნისას სტუდენტური სამუშაოს შოვნაც კი მინდოდა კომპ. ან ფოტო ტექნიკის სართულზე Saturn-ში, მაგრამ ჩემი გერმანული რომელი პრეტენზიული კლიენტის კითხვებს გაუმკლავდებოდა :(

შოკოლადი და ნაყინი

იტალიური ნაყინი და შვეიცარიულ/ბელგიური შოკოლადი შეიძლება არ გიყვარდეს? ნამდვილად არ შეიძლება :)

ახალი ინფორმაცია და ახალი კონტაქტები

გადამევსო ტვინი ინფორმაციით, მაგრამ აშკარად არაა საკმარისი. რაც უფრო მეტ სიახლეს ვიგებ, მით მეტია გასაგები და დასამახსოვრებელი. ხანდახან პანიკა მიპყრობს. მაგრამ მახსენდება რომ ჩემს გვერდით არიან გუგული დეიდა და ვიკი ბიცოლა ♥ დამავიწყდება? გამახსენებენ, რა პრობლემაა ;)

ახალ კონტაქტებს თითქოს ვერიდები. იშვიათად, რომ ინიციატივა გამოვიჩინო, მაგრამ სოციალური მედიის ეპოქაში გარდაუვალია (და კარგიცაა), მაგრამ ქუჩაში რომ ადამიანს ხედავ და ვერ ხვდები ნაცნობია თუ უბრალოდ ვინმეს ფოტოებიდან გეცნობა, ამის გამო ბევრჯერ აღმოვჩენილვარ სასაცილო მდგომარეობაში.

ძლიერი და ჭკვიანი ადამიანები

ეს ჩემი სისუსტეა. ძლიერი და ჭკვიანი ადამიანები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ, იმდენად, რომ ცუდს ვეღარ ვამჩნევ. და პირიქით, ხშირად მითქვამს, რომ ყველაზე მეტად ვერ ვიტან ჭიებს, ტარაკნებს და სუსტ ადამიანებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისუსტეების გამოვლენას ვგულისხმობ :)

აი, ისევ “ვერ ვიტან”-ით დავასრულე :))

პ.ს. მაპატიეთ, უინტერესო პოსტი გამომივიდა, აშკარად ეტყობა, რომ უგულოდ დავწერე.

პ.პ.ს. დამვიწყებია და მცირედი დაგვიანებით ამ თემის გაგრძელებას ისევ კატოს და ლიტერატორს ვთხოვ :))


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273