Je m'appelle Eka..

October 11th, 2011 by Katiée

ორი ციცერო

გაბატონებული მოსაზრების თანახმად, გერმანული ენა მაინცა და მაინც არ უხდება სიმღერას, ამიტომ გერმანელების უმეტესი ნაწილი მშობლიურ ენას ღალატობს და სიმღერებს ინგლისურად მღერის. იშვიათი გამონაკლისები კი ახერხებენ ენა და მუსიკა ისე შეუთანხმონ ერთმანეთს, რომ გერმანულის ყველაზე არმოყვარულმაც კი ვერაფერი თქვას.

ასეთი მომღერლებიდან სულ რამდენიმე მახსენდება. ერთ-ერთია როჯერ ციცერო. მაშინ, როცა მან ჩემს ქალაქში ჩამობრძანება და კონცერტის გამართვა ინება, 2007 წლის ევროვიზიაში მონაწილეობიდან არცთუ დიდი ხანი იყო გასული და ალბათ ამიტომ ბილეთი 52 ევრო ღირდა, რაც საკმაოდ მეძვირა და ვერ გავიმეტე. ამიტომ არ ვიცი ციცერო როგორ მღერის სცენაზე, იუთუბზე კი ეს არცთუ ურიგოდ გამოსდის.

ევროვიზიაში მონაწილეობისა და ძლივს მოპოვებული მე-19 ადგილის მიუხედავად, ჩემი აზრით, როჯერ ციცერო მთლად ხელწამოსაკრავი ევროვიზიელების კატეგორიაში არ გადის. თუნდაც იმიტომ, რომ ის არაჩვეულებრივი ჯაზ-პიანისტის, ოიგენ ციცეროს (Eugen Cicero) შვილი ყოფილა და ვფიქრობ, ეს იგრძნობა კიდეც მის მუსიკაში.

მამა ციცერო, (რუმინულად – ეუჟენ ჩიჩეუ) რუმინული წარმოშობის გერმანელი პიანისტია, უფრო სწორად – იყო. სამწუხაროდ, ინგლისურენოვან ინტერნეტში ბევრი ვერაფერი მოვიძიე, last.fm-იც არაფერს ამბობს მის შესახებ, აი იუთუბზე კი საკმაოდ ბევრი, შთამბეჭდავი ჩანაწერია.

დავუბრუნდეთ შვილ ციცეროს. ზემოთხსენებულ ევროვიზიამდე როჯერ ციცერო უკრავდა მამამისის ჯაზ-ბენდში, გერმანიის ახალგაზრდა ჯაზმენთა ორკესტრში, იყო მიწვეული მონტროს ჯაზ-ფესტივალზე შვეიცარიაში, შემდეგ საკუთარი – 11 კაციანი ბენდიც ჩამოაყალიბა. მისი სიმღერები ძირითადად გერმანულ ენაზე იქმნებოდა, უფრო მეტიც, მან ისეთი ცნობილი სიმღერის გერმანულენოვანი ჯაზ-ქავერიც იმღერა, როგორიცაა ფრენკ სინატრას “Fly me to the moon” (Schieß mich doch zum Mond).

ძალიან საინტერესოა ციცეროს სიმღერების ტექსტი. ევროვიზიაზე ის ხმაურიანი სათაურით გავიდა Frauen regier’n die Welt (‘ქალები მართავენ მსოფლიოს‘). არ ვიცი, გერმანიის გარეთ არსებულმა პატრიარქალურმა საზოგადოებამ დაიწუნა სიმღერის ტექსტი, თუ პირიქით, ფემინისტებმა შეიცნეს ფარული ირონია, ფაქტია, რომ ციცერომ ბოლოდან მე3 ადგილი დაიკავა მხოლოდ.

მისი სხვა სიმღერა Zieh die Schuh aus (‘გაიხადე ფეხსაცმელები!‘) უკვე აშკარად ანტიფემინისტურია:D უფრო სწორად, მე პირადად, გერმანელი ფემინისტი ქალისგან დაჩაგრული კაცის წუწუნად აღვიქვი. ჩემი მწირი გერმანულის ცოდნით ვერ გავბედავ ამ ტექსტის ზუსტ გადმოქართულებას, ამიტომ ვისაც არ დაგეზარებათ, ინგლისურენოვანი თარგმანი ნახეთ.

ბოლო პერიოდში ციცერო ტაქტიკას ცვლის და ნელნელა საკუთარი გერმანულენოვანი სიმღერების გადაინგლისურებას იწყებს, 2010 წლის მონტროს ფესტივალზე მან უკვე საკუთარი გერმანული სიმღერებიც ინგლისურად შეასრულა.

არადა, მგონია, რომ საკუთარ ენაზე მაინც უკეთ გამოსდიოდა სიმღერა.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273