Je m'appelle Eka..

August 2nd, 2013 by Katiée

ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ

vaginamonologuesივ ენსლერის პიესა “ვაგინის მონოლოგები” ორიოდ თვის წინ თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე დაიდგა და პატარა ინციდენტიც მოჰყვა. ამბობენ, აღშფოთებულმა მამრმა პროტესტის ნიშნად საკუთარი დედის გინებით დატოვა დარბაზიო.

არ მიკვირს. ჩემი დედის მუ___ი მ___ან კაცის პირიდან მოსულა და ქალის ბაგეთაგან სიტყვა “ვაგინის” და მით უფრო მისი ქართული შესატყვისების წარმოთქმა – ეროვნული ტრაგედიაა (აი ხომ ხედავთ, მეც არ ვწერ აქ “იმ სიტყვებს”).

შემდეგ, გავიგე რომ სამედიცინო ინსტიტუტშიც იდგმებოდა, მაგრამ ამასობაში მოვასწარი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პიესის ინგლისურენოვანი ტექსტის გადაკითხვა.

ფაქტიურად, კითხვა ახალი დამთავრებული მქონდა, ქართულად თარგმნილ სპექტაკლზე რომ წავედი. დაგვიანებით შევედით, ერთერთი მოყვარული მსახიობი მონოლოგს კითხულობდა. ვინც მიცნობს, იცის რომ თეატრი არ მიყვარს, ძირითადად მისი პათეტიკურობისა და სიყალბის გამო. ამ სპექტაკლში ეს ყველაფერი მეათეხარისხოვანი იყო, თუმცა უადგილო პათეტიკა, ქართულის მასწავლებლების თუ ქართული თეატრისა და კინოს დამსახურებით, ყველა ჩვენგანს რომ აქვს სისხლში გამჯდარი, ალაგ-ალაგ მაინც მჭრიდა ყურს. ასევე თვალი მომჭრა უკლებლივ ყველა შემსრულებლის სუპერ-სექსუალურმა, რიგ შემთხვევებში – ბოზურმა ჩაცმულობამ, რაც ცალკეული მონოლოგების შინაარსთან შეუსაბამოდაც გამოიყურებოდა. თუმცა, ვიმეორებ, ეს არ იყო მთავარი. მაინც ვწერ, ორგანიზატორები თუ ამ პოსტს ნახავენ და საჭიროდ ჩათვლიან, მომავალი წლის დადგმისთვის გაითვალისწინებენ. გამიხარდება.

არც წინასწარ და არც პოსტ-ფაქტუმ ბლოგზე დაწერას არ ვაპირებდი, რომ არა ცალკეული ადამიანების დაძაბული რეაქცია, რატომ წავედი სპექტაკლზე, რომელსაც “ვაგინის მონოლოგები” ჰქვია.

ჩემ ფეისბუქზე დაწერილი going to the event-ი და check-in-ი სულ რამდენიმე ადამიანმა შეიმჩნია, ძირითადად მათ, ვინც ჩემთან ერთად იყო დარბაზში, ან წაკითხული ჰქონდა. დანარჩენებმა გაატარეს. არადა სხვა სტატუსები და ჩექინები აშკარად მეტი პოპულარობით სარგებლობს. მოგვიანებით, როცა ერთ ცნობილ ნაწარმოებზე ვთქვი, ნახევარი წავიკითხე და ჯერჯერობით არ გადავირიე-მეთქი, ჩემი ახლო მეგობარი აღშფოთდა და მომახალა: შენ წადი და ვაგინის მონოლოგები იკითხეო. რა კავშირში იყო ეს ორი ერთმანეთთან, არ ვიცი. რამდენჯერაც ამ სპექტაკლზე საუბარი ჩამოვარდა ნაცნობებთან, მეგობრებთან, თავდაპირველი უხერხული რეაქციის და თვალის არიდების შემდეგ, მოკლედ მოვყევი, რა არის სინამდვილეში სპექტაკლის შინაარსი – “უი სულ ეს იყოო?” და სიმშვიდემ დაისადგურა.

სინამდვილეში ვაგინის მონოლოგები ჩვეულებრივი პიესაა. შეიძლება ითქვას – საშუალო დონის. პიესა ქალურ კომპლექსებზე, შიშებზე, სტერეოტიპებზე, შეცდომებზე, ძალადობაზე, გაუნათლებლობაზე. უბრალოდ ამ ყველაფერს ერთი თემა – ვაგინა აერთიანებს.

პიესის დასაწყისში ავტორი გაოცებული ამბობს, უამრავი ქალი აღმოვაჩინე, რომელსაც საკუთარი ვაგინა ნანახი არ აქვსო, არასდროს, 30, 50, 70 წლის ასაკამდეც კი. თქვენ იტყვით, მერე რა მოხდა, რა აუცილებელია? არა, აუცილებელი არაფერია ამ ქვეყნად, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ, არსებობენ ქალები, რომლებიც მოგზაურობენ საკუთარი ქვეყნის ან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, უნახავთ უამრავი რამ, მაგრამ საკუთარი სხეულის ნაწილის ნახვით ცნობისმოყვარეობის გამოც კი არ დაინტერესებულან. თქვენ წარმოგიდგენიათ, არსებობდეს მამაკაცის, რომელსაც საკუთარი სასქესო ორგანო არ უნახავს? მე – არა.

ინტერვიუს გმირი ქალები ყვებიან ბავშვობიდან გამოყოლილ შიშებზე, დედის ნათქვამმა რომ ჩაუნერგა “არასოდეს მისცე უფლება ბიჭს ‘მანდ’ შეგეხოს!”; მამაკაცთან ურთიერთობის თვითაკრძალვაზე, რაც პირველი პაემანისას და კოცნისას თავს დამტყდარმა უბედურებამ – ‘იმ ადგილიდან’ წამოსულმა წყალდიდობამ და ამ ამბავზე ბიჭისგან პასუხად მიღებულმა აგრესიამ განაპირობა (ბიჭს, რასაკვირველია, აღარასოდეს დაურეკავს)..

კითხულობ (ან უსმენ) და ფიქრობ, ნუთუ ეს მართლა ასეა (და რა თქმა უნდა, მეტწილად ასეა). რა უცნაურია. რატომ? ნეტავ პენისის მონოლოგები რომ დაედგათ რა იქნებოდა? ალბათ მარიაჟობის, სიამაყის, თავმომწონეობის, მამაკაცურობის ზეიმი. აბა ქალებს რა ჯანდაბა ეტაკათ?

“წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ გავზრდილიყავით იმ რეალობაში, რომ მსუქანი ბაყვები ძალიან ლამაზია, რა ბედნიერები ვიქნებოდით. წამოვწვებოდით დივანზე და მივირთმევდით ბევრ დონატსა და მილქშეიკს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ასე არ გავზრდილვართ და მე მეზიზღებოდა ჩემი მსუქანი ბაყვები. ზუსტად ასევე მეზიზღებოდა ჩემი ვაგინა, რადგან ჩვენ ასე გავიზარდეთ”

~ არაზუსტი ნაწყვეტი ერთერთი მონოლოგიდან, ისე, როგორც მე დამამახსოვრდა.

პ.ს. პოსტს თავდაპირველად “ვაგინის მონოლოგები” ერქვა, მაგრამ მას მერე, რაც 50მდე მნახველიდან არავინ შეიმჩნია (როგორც მოსალოდნელი იყო), სახელი გადავარქვი :D

Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273