Je m'appelle Eka..

December 16th, 2011 by Katiée

რატომ ვერ იტანენ ახალ წელს ‘დიდები’?

პასუხი თუ გაგრძელება პოსტისა: მოდის ბოლო კივილი–მე ვერ ვიტან ახალ წელს!!

ვერ ვიტანთქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი წელი ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტ იმედგაცრუებას უკავშირდება, ვიდრე სიხარულს.

როცა პატარა, ძალიან პატარა ვიყავი, ახალ წელს ბრჭყვიალა ნაძვის ხე, მამაჩემის მოტანილი ფერადი ყუმბარა-მაშხალა, რომელსაც ვითომ ხელს მეც გამოვკრავდი ხოლმე და 1 თეფში გოზინაყი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ დღეს მთელი წელი დავლოდებოდი. თან მაშინ, ანუ 90-იანებში ხომ ახალი წელი მთელი სამი, სრული დღით უწყვეტ ელექტროენერგიას, სითბოს, სინათლეს და სატელევიზიო გადაცემების ზღვას ნიშნავდა?

ჰოდა აბა მეტი რა იყო საჭირო ბავშვის ბედნიერებისთვის?

დრო გავიდა, გავიზარდეთ, შუქიც მოვიდა და უბრალო მაშხალამაც დაკარგა ფერადოვნება. მაღაზიები გაივსოთქო, რომ ვთქვა, სასაცილო იქნება, მაგრამ ცოტათი მაინც გამრავალფეროვნდა და რაც მთავარია – კატასტროფულად გაძვირდა საახალწლო აქსესუარები. ამ სიძვირის ტვირთმა კი ჩვენი მშობლებიდან ნელნელა ჩვენზე გადმოინაცვლა და დამძიმდა.

ფასებს და ხარჯებს რომ თავი დავანებოთ, ბავშვობაში სტუმრის მოსვლაც და სტუმრად მისვლაც ძალიან მაგარი იყო, ჩვენი რა მიდიოდა?:D ახლა, ვინმე თუ მოვა, ჯერ ჯიბეები ხომ უნდა ამოიბრუნო (აბა ახალი წელია და ცარიელი ხომ არ დახვდები:D), ენა გადაიტყავო ტრაფარეტული სადღეგრძელოებით, გამოთვრე, გამოსკდე და მეორე დღეს სამსახურში უნდა წახვიდე თავგასიებული და ნაბახუსევი. ჰო, შუალედებში კიდევ, შენც ხომ უნდა მიხვიდე სტუმრად, სავალდებულო წესით ჩამოიარო ნათესავები, მეგობრები, თორემ მოგიკვეთენ და შეგაჩვენებენ:D. მეკვლედ თუ დაგიძახეს ხომ არ გიწერია გამოძინება. დაგირეკავენ 1 იანვარს, დილის 8ზე, არიქა არავინ მოგასწროსო და ბროლიასავით უნდა გაქანდე ნახევრადთვალგახელილი (მე არავინ მეძახის მეკვლედ, ეს ისე, რომ არ იფიქროთ, რმ უმადური და უგულო მეკვლე ვარ :D).

სახლში არ გინდა ახალი წლის აღნიშვნა? გადი ბატონო გარეთ, მეგობრებთან ერთად, რესტორანი, ბარი, ახლა უკვე ლაუნჯი და კლუბი რამდენიც გინდა, ვინ გიშლის? ნუ, მერე რა, რომ ხარჯი გართობის არაადეკვატურია. სამაგიეროდ, შენ ქუულ ტიპი ხარ, გარეთ შეხვდი ახალ წელს და არა სახლში, გოიმურად ;)

ახლა საახალწლო მილოცვებზე უნდა მეთქვა ერთი ორი სიტყვა და გამახსენდა, რომ ამაზე ხო შარშან უკვე ვიწუწუნე, თანაც – ვრცლად :D (იხ.: როგორ არ უნდა მივულოცოთ ახალი წელი)

მერე ეს ყველაფერი აღარ მთავრდება, ახლით შობიდან ახლით ახალ წლამდე, ახლით ახალი წლიდან ძველით შობამდე, ძველით შობიდან – ძველით ახალ წლამდე, ძველით ახალი წლიდან – ნათლისღებამდე, ნათლისღებიდან – ნინ(ა)ოობამდე და სომხებმა გაიხარონ, სუბსარქისი რომ ‘მოიგონეს’, თორე არ ეწერა ამ ამბავს დამთავრება:D. ორგანიზმი კი ალბათ ზაფხულამდე უნდება ნახარში ნიგვზით გამოტენილი უჯრედების დაწმენდას.

ჰოდა..
აბა რა გასაკვირია, რომ დიდები ‘ვერ ვიტანთ’ ახალ წელს? :D მითუმეტეს, რომ ბავშვობის მერე ყოველ ახალ წელთან ერთად უკვე კი არ ვიზრდებით, ვბერდებით :P

ამ პოსტს თუ ვენდობით, გამოდის, რომ ასეთი საშინელი დღე მთელი წლის განმავლობაში მეორე არ ყოფილა. ძირს ახალი წელი!
გაუმარჯოს ძველ წელს! :)))) :შალვანათელაშვილი:

”]

Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273