Je m'appelle Eka..

March 17th, 2011 by Katiée

ვის “მიყიდეს” სული ბლოგერებმა ?

გუშინ, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, 20-მდე ქართველ ბლოგერთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი, ვერა ქობალიაც დაესწრო.

ვიდრე მოძმე ბლოგერები, ფეისბუქელები, ან სულაც რუსი “კოლეგები” ვიშვიშს ატეხავენ – “ბლოგერებს ავერბოვკებენო” (რაც, ზაფხულში, კვარიათში გამართული სემინარის შემდეგ ერთხელ უკვე გამოვცადეთ), მინდა მოკლედ დავწერო გუშინდელი შეხვედრის შესახებ და გაგარკვიოთ, მივყიდეთ თუ არა სული ეკონომიკის სამინისტროს.

მაშ ასე,
შეხვედრაზე მიწვევა უმრავლესობამ მხოლოდ 1 დღით ადრე მიიღო. ამიტომ, სამსჯელო საკითხები ზოგადად განისაზღვრა:

  • როგორ შეიძლება სახელმწიფომ შეუწყოს ხელი სოციალური მედიის განვითარებას
  • როგორ შეიძლება სახელმწიფო (+კერძო) სექტორმა გამოიყენოს სოც.მედია თავისი ფუნქციების უკეთესად განხორციელების მიზნით
  • შესაძლებელია თუ არა სოც.მედიის გამოყენება ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად

ამ საკითხებზე ნაფიქრი, ალბათ, მეტნაკლებად ყველა ბლოგერს ჰქონდა, თუმცა ერთობლივი მსჯელობა მინისტრის მოსვლამდე 1 საათით ადრე დაიწყო. მოდერაციის ტვირთი დვორსკიმ იკისრა. შედეგად, მცირე დროში გაკეთდა რამდენიმე იდეის მონახაზი, რა შეიძლება გაკეთდეს სოციალური მედიისთვის ან სოციალური მედიის საშუალებების გამოყენებით:
(აქვე შევნიშნავ, “სოც.მედიის საშუალებების გამოყენებით” რაიმეს გაკეთება არ გულისხმობს “ჩვენი გამოყენებით” რაიმეს გაკეთებას)

1. თამაში საქართველოს მაშტაბით ტურიზმის პოპულარიზაციისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ

შინაარსი (დაახლოებით): ტურიზმის დეპარტამენტი (ან სხვა უფლებამოსილი სახ.ორგანო) ორგანიზებას უკეთებს თამაშს, რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა ქვეყნების ტურისტები. თამაში დაიწყება სხვადასხვა რეგიონიდან, ტურისტებმა არ იციან დანიშნულების საბოლოო წერტილი და განსაზღვრულ დროში უნდა მიაგნონ მას მინიშნებებით (მე2 ვარიანტი: უნდა იპოვონ ერთმანეთი, ან იპოვონ “ოქროს აკვანი”, ან “ოქროს საწმისი”, etc). საბოლოოდ, დანიშნულების ადგილას ყველა მონიშნავს “საკუთარი ქვეყნის ტერიტორიას” სიმბოლურად, დროშის დატოვებით.

სოც.მედის გამოყენება თამაშის მიმდინარეობისას: თითოეული ტურისტი თავის თავგადასავალს დღიურების სახით წერს ბლოგზე, ფოტო-ვიდეო ილუსტრაციებითურთ, + ვიდეოები პარალელურ რეჟიმში, ან პროექტის ბოლოს დამონტაჟდება და დაიდება იუთუბის არხზე.

სავარაუდო შედეგი: საქართველოზე ინფორმაციის ძებნისას იარსებებს მეტი სუბიექტური ტექსტური და ვიდეო ინფორმაცია და არა მხოლოდ მშრალი, გაფილტრული ტექსტები.

2. ჯანმრთელობის ტურიზმის პოპულარიზაცია
ეს ინიციატივა ზურა ალხანიშვილს (zur.ge), ჩვენს ექიმ-ბლოგერს ეკუთვნის.

შინაარსი: თუ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობისათვის სასარგებლო კურორტების/ადგილების შესახებ სამეცნიერო კონგრესების/კონფერენციების ხელშეწყობა, რომელშიც მონაწილეობას სოც.მედიის წარმომადგენლებიც მიიღებენ, ეს ხელს შეუწყობს პოპულარულ ენაზე ვირტუალურ სივრცეში ქართული კურორტების სასარგებლო თვისებების პოპულარიზაციას, ჯერ ეროვნულ დონეზე (რადგან, არც საქართველოს შიგნით არსებობს ჯანსაღი ტურიზმის, week-end trip-ები ან ბალნეოლოგიური კურორტების კულტურა. ჩვენთან დასვენება=გართობას), ხოლო შემდეგ შესაძლოა, იგივე, საერთაშორისო მაშტაბით გაკეთდეს.

წარმატებული მაგალითი: ზურას თქმით, სომხეთში არსებობს მსგავსი კონგრესების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება, რომლის speaker-ებმა წარმატებით მოახდინეს როგორც ქობულეთის საზღვაო კურორტის სასარგებლო თვისებების პოპულარიზაცია, ისე მონაწილეთა დარწმუნება სომხური წყლის უნიკალური სასარგებლო თვისებების შესახებ.

ვერა ქობალიას თქმით, ძირითადი პრობლემა ამ მიმართულებით, არის მსგავს ადგილებში ინფრასტრუქტურის არარსებობა. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ გაჩნდება მოთხოვნა ჯანსაღი ტურიზმის მიმართ, გაჩნდება ინვესტიციის ჩადების ინტერესიც.

3. სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სოც.მედიის საშუალებების გამოყენება მათი უფლებამოსილებების უკეთესად განხორციელების მიზნით

მიზანი: საჯაროობის, გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა

შინაარსი: საჯარო დაწესებულებები უფრო აქტიურად უნდა იყენებდნენ სოც.მედიის საშუალებებს (FB-page, youtube channel, flickr, კორპორატიული ბლოგი). აქ იგულისხმება, როგორც ერთი სამინისტროს, სააგენტოს სახელით ვირტუალურ სივრცეში აქტივობა, ისე პირადად, თანამდებობის პირების აქტივობა (მხოლოდ არა პირადი პროფილის საშუალებით, რომ არ მოხდეს პერსონალური და საჯარო კონტენტის აღრევა)

მოსალოდნელი დადებითი შედეგი: საზოგადოების მეტი ჩართულობა, მეტი ინფორმირებულობა, მეტი გამჭვირვალობა, ნდობის ამაღლება

რისკი: მეტი ინტერაქცია = მეტი ნეგატიურ feedback-ი

წარმატებული მაგალითი: სამოქალაქო რეესტრი, რომელიც პერიოდულად ავრცელებს ისეთ ინფორმაციას (მაგ. უცნაური გვარსახელები), რაც ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტში. თუმცა, სოც.მედიის არხებს არც ეს დაწესებულება იყენებს აქტიურად.

გარდა აღნიშნულისა, შესაძლებელია ინვესტიციების განხორციელების პროცესის უფრო ფართედ გაშუქებაც სოც.მედიაში, თავად საინვესტიციო პროექტის განმახორციელებლების მიერ. ერთი წარმატებული პროექტის გაშუქებამ შეიძლება მეტი ინტერესი გაუჩინოს საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, თვითონაც ჩადონ ინვესტიცია (მაგ. თუ შენდება უზარმაზარი სავაჭრო კომპლექსი, ან ახლდება ქუჩები, ამ პროცესის დეტალურად გაშუქება ინტერნეტში გაზრდის როგორც პოტენციური ინვესტორის, ისე ჩვეულებრივი მომხმარებლის ინტერესს)

წარმატებული მაგალითი: რუსეთის ერთ-ერთი სავაჭრო კომპლექსის მშენებლობის პროცესი დეტალურად შუქდებოდა სოციალური მედიით, ისე, რომ მშენებლობის დასრულებამდე დაინტერესებულმა ადამიანებმა დეტალებში იცოდნენ, სად, რომელი მაღაზია თუ გასართობი ცენტრი გაიხსნებოდა, რაც თავად ამ სავაჭრო ცენტრის პოპულარიზაციისთვის და წარმატებისთვის გამოდგა სასარგებლო.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, იყო დისკუსია სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ არ ეხება სოც.მედიას, მაგრამ უკავშირდება ინტერნეტის განვითარებას საქართველოში და ამდენად მონაწილეთათვის საინტერესო იყო (ეს ის საკითხებია, რაც უკვე არაერთხელ დასმულა მსგავს შეხვედრებზე თუ ონლაინ დისკუსიებში):

  • Google.Maps-ის პრობლემა, რაც ერთერთი ხელშემწყობი იქნება ტურიზმის განვითარების (და არა მარტო)
  • საგადასახადო შეღავათების არარსებობა ქართველი software developer-ებისთვის, ამ სფეროში ქართულ ბაზარზე outsourcing-ის ან ქვეყნის შიგნით ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშესაწყობად
  • ვარეზების და არალეგალური კონტენტის (software, ფილმები, სხვა) უკონტროლო გავრცელების პრობლემა
  • ინტერნეტის და კომუნიკაციების განვითარების პრობლემა რეგიონებში
  • ქართული წარმოების პროდუქტების ონლაინ რესურსის არარსებობა, “Made in Georgia” და “ბიოლოგიურად სუფთა” label-ების არარსებობა
  • ტურიზმის პოპულარიზაციის პარალელურად გესთჰაუზების და იაფფასიანი ჰოსტელების ინფორმაციული პორტალის არარსებობა

და სხვა (რაც ახლა არ მახსენდება და მონაწილეებს ვთხოვ, კომენტარებში შემახსენონ).

პოსტის შეჯამებასავით:

  • შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიული დიალოგის რეჟიმში. თითქმის ყველა იდეა სპონტანური brainstorming-ის შედეგად ჩამოყალიბდა, ამიტომ ყოვლისმომცველობასა და დახვეწილობაზე პრეტენზია არ აქვს
  • ეს არ ყოფილა პრესკონფერენცია და შესაბამისად მიზანი არ იყო ეკონომიკის სამინისტროსგან ქვეყანაში მიმდინარე მწვავე ეკონომიკურ პროცესებზე მინისტრისგან პასუხის მიღება, შესაბამისად მსგავსი კითხვები, არც დასმულა
  • შეხვედრის მიზანი არ ყოფილა სამინისტროსთვის დახმარების თხოვნა და სოც.მედიის განვითარებაში ჩარევა, არამედ, მხოლოდ social media tools-ის გამოყენებით ცალკეული პროცესების ხელშეწყობის ინიციატივების შეთავაზება
  • შეხვედრის მონაწილეებს ეთხოვათ დისკუსიისას წამოჭრილი იდეების დახვეწა და მიიღეს პირობა, რომ, შესაძლებლობების ფარგლებში, ეს იდეები გათვალისწინებული იქნება სამინისტროს შემდგომ ინიციატივებსა და აქტივობებში (რაც საბოლოოდ ქვეყანას წაადგება, ვინც არ უნდა გააკეთოს!)

მათ საყურადღებოდ კი, ვინც კიდევ ფიქრობს, რომ ქვეყნის რომელიმე სახელმწიფო ორგანოსთან დიალოგი “სულის გაყიდვაა”, შეუძლიათ კომენტარებში გამოხატონ თავიანთი აზრი და ვეცდები მარტივად დავუსაბუთო, რატომ არ არის სახელმწიფო “ჩემი მტერი” :))

 


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273