Je m'appelle Eka..

August 30th, 2012 by Katiée

წყაააააააააალი!

ბათუმი ლამაზი ქალაქია, მართლა, გადაჭარბების ან პირიქით – უადგილო ცინიზმის გარეშე. ნიცა, რასაკვირველია, არ არის (თუმცა მე იქ არ ვყოფილვარ, აბა რა ვიცი?), არც ვენეცია, მაგრამ ლამაზი მართლა არის. აქ ბრტყელი ქუჩებია და თბილისივით გაოფლიანება არაა საჭირო ერთიდან მეორეზე მისასვლელად, ყველაფერი ახლოსაა, ბევრი ველოსიპედია, ბევრი ზღვა, დიიიდი ბულვარი (მათ შორის, ახალი ბულვარი უკეთესია, ხალხი ცოტაა და დიზაინი უფრო თანამედროვე, “ვანის ჩუსტები” და კვერცხებიც აქ გადმოუგორებიათ და ამჯერად გარემოს სტილშიც ჯდება).

ძველიც და განახლებული ქუჩებიც სასიამოვნო განწყობას ქმნის, ნუ რა ვქნათ, რომ რამდენიმე არქიტექტურული “შედევრი” ტირილის ხასიათზე დაგაყენებს და არც ცნობილი პიაცაა მთლად გემოვნების ეტალონი, ოქროთი მოვარაყებულ-მოჭიკჭიკებული ჩუქურთმებით. სხვა ბევრი რამ არის კარგი, რის გამოც აქ ყოფნა ან ცხოვრება ღირს: ისევ და ისევ ზღვა, ველოსიპედები, აჭარული ხაჭაპური, დელფინარიუმი და ა.შ.

ვინაიდან არც ნიცაში ვყოფილვარ და არც ვენეციაში, მე ბათუმი უფრო ქუთაისს მაგონებს, ან რუსთავს. გაგიკვირდათ? მაშინ ალბათ, უბრალოდ დიდხანს არ ყოფილხართ არცერთში. მე ორივეგან ვყოფილვარ, ბევრჯერ, ცოტ-ცოტა ხნით მიცხოვრია და მიმუშავია კიდეც და რაღაცეები მეცნობა და ვთვლით რომ მათ აქვთ, უფრო სწორად ჰყავთ რაღაც საერთო ბათუმქალაქთან.

ეს საერთო ბაყბაყდევია, რომელიც ამ სამი ქალაქის წყაროსთან ზის და პერიოდულად მოსახლეობას წყალს უკეტავს. მერე მსხვერპლად მზიას შეწირვას ითხოვს. ეს ცისკარა კიდევ დარბის ქალაქიდან ქალაქში, ერთგან რომ გამოსტყუებს ბოროტ დევს წყალს, ამ დროს მეორეგან ჩაუკეტავენ, მერე იქეთ გარბის, მერე ისევ აქეთ. მოკლედ, გახდა, გახმა, ჩამოდნა საწყალი, როდემდე გაუძლებს ამდენ სირბილს, არ ვიცი. ძალიან ვდარდობ.

მე აღარ მაქვს ცისკარას იმედი, ბაყბაყდევის მითუმეტეს.

ისევ წვიმის ღმერთს უნდა ვთხოვო, აღარ გამოუშვას ამდენი წვიმა ბათუმში, ჯანდაბას მზე, ზღვა, პლაჟი და “ზაგარი”. უბრალოდ მინდა, რომ ყოველი წვიმის დროს აღარ გადაივსოს თუ დაბინძურდეს რეზერვუარები, შესაძლებელი იყოს 21 საუკუნის შესაფერისად, ადამიანურად ბანაობა, კაფეებში იყოს ყავის მოსადუღებლად საკმარისი წყალი და არ იყოს ტუალეტები დაკეტილი.

ბევრს ვითხოვ? ხო ხო, ვიცი რომ ძვირია, რთულია და დიდი დრო ჭირდება წყალმომარაგების სისტემის გამართვას, მაგრამ აბა რა ვქნათ, ეს შლოპანცები და ძეგლები ვსვათ თუ ტანზე გადავივლოთ???

ააა, უპს! ევრიკა! გამახსენდა! ხვალ დილას ადრე უნდა გავიღვიძო და ლაქტაციის ქალღმერთებთან წავიდე, მაგათ ძუძუებში იმდენი წყალი ედგათ, ყველაფრისთვის მეყოფა ;)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273